ბიზნეს-პარტნიორის არჩევა

ლევან  შენგელია. როგორ მოვიზიდოთ ინვესტორი. თბილისი 2012.
წიგნის სრული ვერსიის გასაცნობად დააკლიკეთ აქ >>>

მოქმედება პირველი: ავირჩიოთ საიმედო პარტნიორი

თქვენი მთავარი მიზანი ინვესტორის მოზიდვაა? ამისთვის ზუსტად უნდა წარმოიდგინოთ მისი „პორტრეტი“. ამიტომ, უნდა განსაზღვროთ იმ ადრესატთა ჯგუფი, რომელთაც შეიძლება თქვენი პროექტი დააინტერესდეს. ამისთვის კი, თქვენი მხრივ, უნდა გაიზროთ, განვითარების რა სტადიაზეა თქვენი ბიზნესი: ახლა იბადება, უკვე ყალიბდება, ადრეული ზრდის ეტაპზეა, „სიმწიფის“ ხანაშია, თუ სადაცაა, დასრულდება (ბოლო შემთხვევას, გასაგები მიზეზების გამო, არ განვიხილავთ)? ნვესტორები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ფულის დაბანდების წინადადებაზე იმის მიხედვით, ბიზნესი განვითარების რომელ სტადიაზეა.

ინვესტიციები ბიზნესის დაბადების ეტაპზე
ბიზნესის დაბადების ეტაპზე, მეწარმეს აქტივში, როგორც წესი, მხოლოდ იდეები, პატენტები (ესეც იშვიათად) ან პროდუქციის ერთეული ნიმუშები აქვს. არსებობენ პროექტის ინიციატორები, მაგრამ მმართველი რგოლი ჩამოყალიბებული არაა და არც ბიზნეს-პროცესებია დალაგებული. ამ სტადიაზე, ამგვარი შემთხვევების 90 პროცენტში, პირველ, შიდა ინვესტორებად შეიძლება მოგვევლინნენ ნათესავები, მეგობრები ან კერძო პირები, რომელთაც მუშაობის გამოცდილება აქვთ ამ სფეროში და ახასიათებთ გარისკვა, ახალ საქმეში გარკვეული თანხის ჩადების სახით.

ინვესტიციები კომპანიის ჩამოყალიბების სტადიაზე
კომპანიის ჩამოყალიბების სტადიაზე უკვე მიმდინარეობს პროდუქციის გამოშვება, ანდა მომსახურების გაწევა (გააჩნია, კომპანია რა სახის საქმიანობას ეწევა), თუმცა მისი საქმიანობა, საერთო ჯამში, მაინც წამგებიანია, ბიზნეს-პროცესები ჯერ კიდევ არაა სრულად დახვეწილი, ჯერ კიდევ ყალიბდება მენეჯერების გუნდი. ამ ეტაპზე ბიზნესს აფინანსებენ არა მხოლოდ მეგობრები და კერძო პირები, არამედ – ზოგიერთი ფონდიც.

 ამ ეტაპზე ძალზე მნიშვნელოვანია, წესრიგში მოვიყვანოთ კომპანიის იურიდიული და ფინანსური დოკუმენტაცია. ამ დროს, პოტენციური ინვესტორისთვის სრულებით ნათელი უნდა იყოს ფირმის კორპორატიული სტრუქტურა, მისი რეალური მფლობელი, ფინანსური მდგომარეობა. ძალზე არასასურველია, რომ კომპანიას როდესმე მოუწიოს სასამართლოში სიარული – თავის აქტივებთან დაკავშირებით, სახელმწიფო ორგანოებთან დავების გასარჩევად და ა.შ. თუ მსხვილი პროექტისთვის იგეგმება უცხოეთიდან კაპიტალის მოზიდვა, აუცილებელია, ბუღალტრული ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით მომზადდეს.

ინვესტიციები კომპანიის ადრეული ზრდის სტადიაზე
ადრეული ზრდის სტადიაზე კომპანია ზრდის საქონლის ბრუნვას, იკავებს გარკვეულ ნიშას ბაზარზე და ბაზრის წილს. შეიძლება ღებულობდეს გარკვეულ მოგებასაც .ამ სტადიიდან მოყოლებული, კომპანია უკვე იმსახურებს ფონდების ინტერესს, რომელთაც ბიზნესმენები პირდაპირ და გარკვეულწილად სარისკო დაფინანსებას სთავაზობენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ეტაპზე , მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა
საინვესტიციო შემოთავაზებები, კომპანია პოტენციურ ინვესტორთა ყურადღების ცენტრშია.

დავუშვათ, უკვე არსებობს მცირე, ანდა საშუალო კომპანია, რომლისთვისაც აუცილებელია ბიზნესის გაფართოება, ძირითადი საშუალებების განახლება და ახალი პროექტის დაწყება თავის, ანდა ეკონომიკის მომიჯნავე დარგში. ამასთან, შესაძლებელია, ინვესტიციისთვის მოთხოვნილი თანხა გასტუმრებულ იქნას ამჟამად არსებული საქონელბრუნვიდან. ასეთ შემთხვევაში, მიზანშეწონილია, ინვესტიციები ბანკის კრედიტის სახით იქნას მოზიდული.ამით- გარდა იმისა, რომ საწარმო მიიღებს მისი ღირებულე-ბის შესაბამის რესურსს , ამავდროულად შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და თვითმყოფადობას ბიზნეს-პროცესების მართვაში.

ინვესტიციები ბიზნესის გაფართოების სტადიაზე
ბიზნესის გაფართოების სტადიაზე, იზრდება ოპერაციების მოცულობა, ჩნდება სტაბილური მოგებაც. კომპანია იკავებს მყარ ადგილს ბაზარზე. ბიზნეს-პროცესები დალაგებულია და იქმნება შესაძლებლობა, ახალ პროექტებსა და ბაზრებზეც იფიქრონ. კომპანიის განვითარების ამ სტადიაზე, მის მიმართ ინტერესი შეიძლება გამოხატონ სერიოზულმა ინვესტორებმა — იურიდიულმა პირებმა, კერძოდ, ფონდებმა, ბანკებმა ა.შ.

ამავდროულად, თუ მოთხოვნილი ინვესტიციების მოცულობა აღემატება არსებული ბიზნესის მასშტაბს, სესხების ძიება შესაძლოა პრობლემად იქცეს. ასეთ შემთხვევაში ბანკები დიდი ხალისით როდი აკრედიტებენ წარმოდგენილ პროექტებს. ისინი სათანადო უზრუნველყოფას და გარანტიებს ითხოვენ.

ინვესტიციები კომპანიის სიმწიფის სტადიაზე
კომპანია, რომელიც „სიმწიფის“ სტადიაზეა — ეს არის კარგად მართვადი, მომგებიანი და სწრაფად ზრდადი ბიზნეს-სტრუქტურა, რომელიც შესაძლოა, უკვე გახდა კიდეც დარგის ლიდერი. მის აქტივს შეადგენს მაღალკვალიფიციური მენეჯმენტი და კარგად შემუშავებული ბიზნეს-პროცესები, ასევე – ბრენდები. კომპანია მყარად იკავებს თავის ნიშას და ფლობს სერიოზულ წილს ბაზარზე. ამ ეტაპზე კომპანია შეიძლება დაკავდეს აქციების განთავსებით საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სფეროებში, რაც იქცევს ინსტიტუციონალური ინვესტორების (იურიდიული პირები), მათ შორის, საპენსიო ფონდების ყურადღებას.

მნიშვნელოვანი დეტალი: კომპანიას, რომელიც განვითარების საწყის ეტაპზე იმყოფება, შეიძლება ჰქონდეს სხვა წარმატებული ბიზნესი. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება ინვესტორის დაინტერესება, ოღონდ არა — „საკუთარი“ ჯგუფებიდან. მაგალითად, თუ კომპანია ხსნის თავის პირველ ინტერნეტ-მაღაზიას და ამავდროულად, უკვე გააჩნია წარმატებით მომუშავე რესურსები ინტერნეტში, მაშინ ინვესტორის მოძებნა ძნელი არ იქნება.

..